უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს, იბრაჰიმ კალინს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერმაკმა თურქ კოლეგას აცნობა ფრონტზე არსებული სიტუაციისა და აგრესორის წინაშე უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელთან ასევე ისაუბრა ქალაქ მარიუპოლში არსებულ უკიდურესად რთულ სიტუაციაზე. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. ზელენსკის ოფისის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის უსაფრთხოების ქმედითი საერთაშორისო გარანტიების სისტემის შემუშავებას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ თურქეთი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სისტემის ერთ-ერთი მხარე იყოს.