უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადრიდში ჩავიდა. მას აეროპორტში ესპანეთის მეფე ფილიპე VI დახვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს უკრაინასა და ესპანეთის სამეფოს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
„წელს ესპანეთი უკრაინას ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს და ხუთი მილიარდისას – სამი წლის განმავლობაში. ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური აღდგენა და რეკონსტრუქცია, უკრაინის რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ჩვენი „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება – თანამშრომლობის ყველა ეს სფერო ასახულია ჩვენს შეთანხმებაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში 17 მაისს უნდა ჩასულიყო, თუმცა ეს და სხვა ვიზიტები ხარკოვის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე გადაიდო.
ვოლოდიმირ ზელენსკი 28 მაისს პორტუგალიაში გაემგზავრება.