უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს - არანაირი პანიკა, რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს
უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვლადიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. მისი თქმით, რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს.
„საინფორმაციო სივრცე სავსეა მსგავსი შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ იმის თაობაზე, რომ შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს, ნებისმიერ მომენტში. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. მთელ ამ რიტორიკას, ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, მედიის ახალ ამბებში, სადარბაზოში მოსმენილ მოარულ ხმებში აერთიანებს ერთი ლოგიკური კითხვა – რაშია სიახლე? განა ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია, შემოჭრა 2014 წელს არ დაწყებულა? ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს და ის არ გაზრდილა. მათ გარშემო აჟიოტაჟი გაიზარდა“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისი თქმით, ახლა მუდმივი თავდასხმა არა მათ მიწაზე, არამედ მათ ნერვებზე ხორციელდება, რომ მუდმივად იყოს განგაშის შეგრძნება, უკრაინის დასასუსტებლად, რათა ქვეყანა იძულებული გახდეს, წავიდეს დათმობებზე და შეიქმნას ისეთი ფონი, სადაც მათ მიერ გამოთქმული „არა“ სუსტი იქნება.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება, გახდეს მხოლოდ ის გარემოება, თუკი მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში, დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.