უკრაინის პრემიერ-მინისტრი - ევროპული პერსპექტივის მინიჭება უკრაინასა და საქართველოს შორის პარტნიორობას გააღრმავებს
ევროპული პერსპექტივის მინიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობას გააღრმავებს, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრის დროს. ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ვებპორტალზე გამოქვეყნდა.
ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება და ერთობლივი ევროპული ინტეგრაციის გზა იყო ის თემები, რომელიც კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალამა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განიხილეს.
შმიგალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
„აღვნიშნავ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელის პირველ ნახევარში თითქმის 30%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს რომ ეს დინამიკა გაგრძელდება და ორმხრივ ურთიერთობებს გავაფართოებთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, წელს თბილისში უნდა გაიმართოს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეათე შეხვედრა და ასევე ექსპერტების შეხვედრა სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. სხვა საკითხებთან ერთად, დენის შმიგალმა და კახა კუჭავამ განიხილეს ორი ქვეყნისთვის საერთო, ევროპული ინტეგრაციის და ევროატლანტიკური ასპირაციის თემა, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭება უკრაინისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, გაზრდის ჩვენს ერთობლივ მდგრადობას გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ, და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ორმხრივი აღიარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას. მთავრობის მეთაურმა ხაზის გაუსვა უკრაინასა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული რეისების ზრდის მნიშვნელობას.