უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი კიევში ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
გროისმანი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა ჟურნალისტს გულწრფელობა და პრინციპულობა არ აპატია.
„უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მსოფლიოს რუსეთის აგრესიის შესახებ უყვებოდა“, – დაწერა გროისმანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
გროისმანი აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბაბჩენკოს ბოლო პოსტს, სადაც ჟურნალისტი წერს, როგორ არ ავიდა 2014 წლის 29 მაისს ვერტმფრენზე, რომელიც იმავე დღეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. „მე გამიმართლა. მეორე დაბადების დღე გამოვიდა“, – დაწერა ჟურნალისტმა. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებიდან 10 საათში ბაბჩენკო მოკლეს.
ვერსია, რომ ჟურნალისტის მკვლელობის უკან კრემლი დგას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა გამოთქვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაბჩენკო იძულებული იყო, რუსეთი მუქარების გამო დაეტოვებინა. „ის იბრძოდა დემოკრატიული რუსეთისთვის, უკრაინისთვის და, რა თქმა უნდა, მოსკოვი მას მტრად განიხილავდა“, – განაცხადა კლიმკინმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
არკადი ბაბჩენკოს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც მკვლელობა უკრაინაში არსებული „ტოტალური დაუსჯელობის“ ატმოსფეროს დაუკავშირა.
რუსეთის მოქალაქე არკადი ბაბჩენკო კიევში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მას ზურგის არეში სამჯერ ესროლეს. ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი გამოაქვეყნა. კიევის პოლიცია მკვლელობის ორ ძირითად ვერსიას განიხილავს – ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და მის სამოქალაქო პოზიციას.
ბაბჩენკოს მკვლელობაზე საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც აღძრა.
არკადი ბაბჩენკო „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, წერდა „ნოვაია გაზეტასთვის“ და სხვა გამოცემებისთვის. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს აშუქებდა.
ბოლო წლებში ბაბჩენკო მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას. 2012 წლის მარტში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებისთვის. 2017 წლის თებერვალში ბაბჩენკომ განაცხადა, რომ მიღებული მუქარების გამო, რუსეთი დატოვა. თავდაპირველად, ის ჩეხეთში გადავიდა, შემდეგ ისრაელში გაემგზავრა. 2017 წლის აგვისტოდან კი, კიევში ცხოვრობდა. უკრაინაში ბაბჩენკოს ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა.