უკრაინის პოლიციის ცნობით, ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი
ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, რუსეთმა ქალაქის ცენტრზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში მიიტანა. დაზიანდა ტაძარი, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, თბომომარაგების მაგისტრალური მილსადენი და სატრანსპორტო საშუალებები.
დაშავებულთა შორის არის ერთი ბავშვი.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით ორი საავიაციო რაკეტა და 29 დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთი რაკეტისა და 25 დრონის განადგურება შეძლეს.