უკრაინის პოლიცია - სააკაშვილის ძებნის დროს აქტივისტები პოლიციას პროვოკაციებს უწყობდნენ
უკრაინის ეროვნული პოლიცია ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის ძებნისა და დაკავების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, სააკაშვილის ძებნის დროს აქტივისტები პოლიციას პროვოკაციებს უწყობდნენ.
„დილით, გენერალური პროკურატურის დავალებით, უკრაინის პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ატარებდნენ მიხეილ სააკაშვილის ძებნისა და დაკავების ღონისძიებებს. აქტივისტებმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათი პროვოცირება დაიწყეს. შედეგად, უმაღლეს რადასთან გაძლიერებულია სამართალდამცველთა რაზმები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან პოლიციის განცხადებით, რადასთან მიმდინარე აქციაზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა დაშავდა ოთხი სამართალდამცველი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე პოლიციამ რადას წინ კარვების ქალაქის შტურმი სცადა, მიხეილ სააკაშვილი ამ დროს სასტუმრო „კიევში“ იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, დილით კარვების ქალაქში მომხდარი შეტაკებების დროს 11 სამართალდამცველი და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა.