უკრაინის პატრიარქი ფილარეტი - რუსეთი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღებაში უშლის ხელს
უკრაინის მართალმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურის ფილარეტის განაცხადებით, რუსეთი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღებაში უშლის ხელს. მისი თქმით, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რათა სინოდმა ტომოსი (ბრძანება) არ დაამტკიცოს.
ამის შესახებ ფილარეტმა „უკრანის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ტომოსი უკვე არსებობს, ღვთისმსახურების მიერ დაწერილი და დასაბუთებული. მას საფუძვლად უდევს 1686 წელს კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსთან უკანონო და არაკანონიკური მიერთება. ამის გამო, მსოფლიო პატრიარქს ამ დრომდე მიაჩნია კიევის მიტროპოლია საკუთარ კანონიკურ ტერიტორიად. ეს ერთ-ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ამავე საფუძველზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა 1924 წელს კიევის მიტროპოლიაში შემავალ, პოლონეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ამ დროს პოლონეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. როგორც 1924 წელს მსოფლიო პატრიარქს მიმართა პილსუდსკიმ, პოლონეთის ეკლესიის საეპისკოპოსომ, ანალოგიურად მსოფლიო პატრიარქს ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით მიმართა პრეზიდენტმა პოროშენკომ, უმაღლესმა რადამ, კიევის საპატრიარქომ. ეს ყველაფერი ტომოსში არის აღნიშნული“, – ამბობს ფილარეტი.
მისივე განცხადებით, თუ მსოფლიო პატრიარქი ტომოსის გადაცემას დათანმხდება, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანდებიან, ხოლო მოსკოვის საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება უკრაინის ეკლესიას, თუ დარჩება მოსკოვთან.
„ისინი, ვინც უარს იტყვიან გაერთიანებაზე, მათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის ტარების უფლება არ ექნებათ. ისინი იქნებიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიისა ან ეგზარხატის წევრები უკრაინაში. თუ მათ ექნებათ სურვილი, ილოცონ მოსკოვის საპატრიაქროსთან – ეს მათი ნებაა, ილოცონ“, – განაცხადა ფილარეტმა.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ამბობს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა სტამბოლში ივლისის პირველ ნახევარშია დანიშნული.