უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დღიდან 38 ბავშვი დაიღუპა და 71 დაშავდა
უკრაინის ომბუდსმენის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 38 ბავშვი დაიღუპა და 71 დაშავდა. ლუდმილა დენისოვას თქმით, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ჯერ კიდევ შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციის დადგენა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლსა და კიევის რეგიონის ქალაქ ირპენში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ.
ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბარბაროსული თავდასხმების შესახებ ავრცლებს ინფორმაციას, რომლის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ. მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან შეუძლებელი იყო მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ხოლო კიევის ოლქის ქალაქ ირპინში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ – შედეგად სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა.
ასევე, ქალაქ „ბელა ცერკოვში“ სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომლებსაც მოხუცები და ბავშვები აფარებდნენ თავს. დაშავებულთა ან მსხვერპლთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე და შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.