უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები და განგაშის სიგნალია
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების და საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში კვამლის დიდი სვეტი ჩანს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქი „გრადის“ სარაკეტო სისტემებით დაიბომბა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა შეაჩერეს.
„საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი UR-77 თვითმავალი სარაკეტო ნაღმების გამწმენდი სისტემა და სამი საინჟინრო მანქანა“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.