უკრაინის მმართველ პარტიაში პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის თანამდებობიდან გადადგომას მხარს უჭერენ
უკრაინის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
როგორც პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ გამართული სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გონჩარუკის გადადგომის შესახებ განცხადებას დააკმაყოფილებენ.
დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის ფრაქცია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვიცე-პრემიერ დენის შმიგალის კანდიდატურის წარდგენას მხარს დაუჭერს.
ამასთან, უკრაინული გამოცემები იუწყებიან, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად 4 მარტს თანამდებობას დატოვებს გენერალური პროკურორი რუსლან რიაბოშაპკა.