უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა გაერთიანებები ბელგოროდსა და კურსკში სამხედრო პოზიციებზე დარტყმებს აანონსებენ და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა გაერთიანებები – „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირული ბატალიონი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ბელგოროდსა და კურსკში სამხედრო პოზიციებზე დარტყმებს აანონსებენ და ამ ქალაქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბელგოროდის ტერიტორიიდან უკრაინული დასახლებების დაბომბვა უნდა შეწყდეს.
„მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს: ქალაქ ბელგოროდის მცხოვრებლებს, ბელგოროდის ადმინისტრაციის ჩინოსნებსა და ყველას, ვისაც ჩვენი ესმის. პუტინის მკვლელები მასირებულ დარტყმებს ახორციელებენ მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე და თავიანთ პოზიციებს ათავსებენ თქვენს სახლებს, თქვენი შვილების სკოლებს და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. ყოველდღიურად ათობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება ბელგოროდიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. უკრაინის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს! ამასთან დაკავშირებით, ჩვენ იძულებული ვართ, საცეცხლე დარტყმა განვახორციელოთ ქალაქებში – ბელგოროდსა და კურსკში განთავსებულ სამხედრო პოზიციებზე. სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქები. ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადაარჩინონ ადამიანთა სიცოცხლეები და დაიწყონ ევაკუაცია კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ქალაქებიდან“, – ნათქვამია რუსი მოხალისეებისგან შემდგარი ლეგიონების მიმართვაში.