უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის შეთანხმებით, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდება
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის შეთანხმებით, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასევე პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი რობერტ ტელუსი.
აღნიშნული შეთანხმება პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტრანზიტის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით. ოთხშაბათიდან უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ლიეტუვის გავლით ტრანზიტით მიდის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში მოხდება“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
თავის მხრივ, უკრაინის სამინისტროში აღნიშნეს, რომ კიევი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ლიეტუვის ლაიპედას პორტში გადატანის ინიციატივით გამოვიდა, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა კი მხარი დაუჭირეს კონტროლის ამგვარ მექანიზმს და ეს კონსტრუქციულ ნაბიჯად შეაფასეს.