უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მსოფლიოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მსოფლიოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ.
ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმირ ზელენსკის, გიტანას ნაუსედას და ანჟეი დუდას ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა.
განცხადებაში სამი ქვეყნის ლიდერი ასევე მოუწოდებს საერთშორისო თანამეგობრობას, მოსთხოვონ რუსეთს სიტუაციის განმუხტვა, რაც უკრაინის საზღვრებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი სამხედროების უკან დახევის გზით უნდა მოხდეს.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამას გარდა, პრეზიდენტებმა სოლიდარობა გამოხატეს ბელარუსის საზღვრებთან მინსკის მიერ შექმნილი კრიზისის გადაჭრაში და დადეს პირობა, რომ ერთობლივ ძალისხმევას გაწევენ ამ კრიზისის საწინააღმდეგოდ. მათი თქმით, ჰიბრიდული თავდასხმა მთელი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.
მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ იმუშავებენ ერთობლივად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამყარებლად და შეშფოთება გამოთქვეს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის პროექტის გამო.
მათ პირობა დადეს, რომ ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მიერ ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მონოპოლიზაციას.