უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, მინსკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მინსკში, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, საკონტაქტო ჯგუფის სამუშაო ქვეჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკებებში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებსა და სამთავრობო არმიას შორის დაპირისპირება ყოვედღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვებში ადანაშაულებენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის საკოორდინაციო ერთობლივი ცენტრიდან რუსეთმა ოფიცერ-დამკვირვებლები გაიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კიევმა დაძაბული მორალურ-ფსიქოლოგიური დაბრკოლება შექმნა და მუშაობას ხელი შეუშალა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინამ რუს დამკვირვებლებს ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე წვდომა შეუზღუდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა აუკრძალა.