უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტის მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
„გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გახსნა. კიევში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს.
უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრა. ჟან-ივ ლე დრიანთან და ჰაიკო მაასთან საუბრისას, აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების მიზნობრიობა ეუთო-ს საშუალებით განმარტოს.