უკრაინის ხელისუფლება - რუსეთმა სარაკეტო დარტყმა უკრაინის ოთხ რეგიონზე მიიტანა, არის მსხვერპლი
უკრაინის ხელისუფლება - რუსეთმა სარაკეტო დარტყმა უკრაინის ოთხ რეგიონზე მიიტანა, არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა სარაკეტო დარტყმა უკრაინის ქალაქებზე – დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, 26 დაშავდა, კიდევ ოთხი პირი დაკარგულად ითვლება. მედია წერს, რომ, შესაძლოა, ისინი ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები.

როგორც უკრაინის ხელისუფლება იუწყება, სარაკეტო დარტყმების სამიზნე ოთხი რეგიონი გახდა. ზაპოროჟიეში მაშველები და პოლიციელები ამ დრომდე ექვს ლოკაციაზე მუშაობენ. რაკეტა საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში კი აფეთქების ტალღის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადატრიალდა. სამედიცინო დახმარება 20 ადამიანს დასჭირდა.

კრივოი როგის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი მოქალაქე, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა, სულ მცირე, ოთხჯერ დაარტყა ქალაქ ხარკოვსაც. შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და სასწავლო დაწესებულება. ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე დაიბომბა ქალაქი ზმიევი, სადაც მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა ასევე ხმელნიცკის ოლქშიც. ჯერ დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.