უკრაინის ხელისუფლება, ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშების გააქტიურების ფონზე, კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას იწყებს
უკრაინის ხელისუფლება, ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშების გააქტიურების ფონზე, კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ საშუალებით კუპიანსკის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე იწყება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, შესაბამის განკარგულებას 9 აგვისტოს ხელი მოაწერა კუპიანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კანაშევიჩმა.
სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადებულია საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან. მანამდე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ევაკუაციას, სავარაუდოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარება, მათ შორის 600 ბავშვი.