უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას პოჩაევის ლავრით სარგებლობის უფლება ჩამოართვა
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას პოჩაევის ლავრით სარგებლობის უფლება ჩამოართვა.
როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალიონა სუკმანოვა ამბობს, პოჩაევის ლავრის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ წელს სექტემბერში მიიღო. თუმცა, ეს უფლება გასაჩივრდა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები რეგისტრატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მიუხედავად ამისა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლამადიდებელ ეკლესიაში ამტკიცებენ, რომ მათ მონასტრით სარგებლობის უფლება მაინც აქვთ, რადგან ამას 2003 წლის შეთანხმება ითვალისწინებს.
ლავრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ პოჩაევის ლავრის ქონების გადაცემას ახალჩამოყალიბებული ეკლესიისთვის აპირებს“. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, რომლის ჩამოყალიბება დეკემბერში იგეგმება. თუმცა, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში, ქონების გადაცემის შესახებ არაფერია ნათქვამია.
პოჩაევის ლავრა ერთ-ერთი დიდი მონასტერია, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლურ ცენტრად ითვლება. მისი ხელმძღვანელი ამჟამად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ვლადიმირია.