უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება

დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

არსებული ცნობებით, გრძელდება სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

„რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე და მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების გამაგრებაზე. აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება. სლობოჟანსკისა და დონეცკის საოპერაციო რაიონებში აგრესორმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმითი ოპერაციები გარკვეული მიმართულებებით. სლობოჟნსკის მიმართულებით, რუსული დაჯგუფებები, რომლებიც მოიცავს დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-6 გაერთიანებული არმიის ცალკეულ ნაწილებს, ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების სანაპირო ჯარებს, აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და ქალაქის საცხოვრებელი უბნების განადგურებას საარტილერიო ცეცხლით. იზიუმის მიმართულებით, ოკუპანტები პირველი სატანკო არმიის შემადგენლობის ცალკეული ქვედანაყოფებით, დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 საერთო საჯარისო არმიით, აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 35-ე და 68-ე საერთო საჯარისო არმიებით და საჰაერო-სადესანტო ჯარებით მოქმედებენ.

მოსალოდნელია, გაგრძელდეს თავდასხმების მცდელობები იზიუმ-სლავიანსკის და იზიუმ-ბარვენკოვოს მიმართულებებზე. უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე ვერტმფრენების განლაგება აღინიშნება. უკრაინის დონეცკისა და რუსეთის ტავრიჩესკის მიმართულებიდან საოკუპაციო ძალების დაჯგუფება აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, კრემენნაიას, პოპასნაიას და რუბიჟნოეს დასახლებების ხელში ჩასაგდებად, ასევე ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ოკუპანტებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები სევეროდონეცკის, პოპასნიანსკის, კურახოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ძალისხმევის გასაძლიერებლად, რუსული ძალები აგრძელებენ დამატებითი სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფების კონცენტრირებას. გრძელდება მარიუპოლისთვის ბრძოლა. ოკუპანტები ახორციელებენ თავდასხმით ოპერაციებს საზღვაო პორტის ტერიტორიაზე. იუჟნობუგსკის მიმართულებით, ოკუპანტების ცალკეული ქვედანაყოფები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას დაკავებული ხაზების შესანარჩუნებლად და უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფების პოზიციების დაბომბვას. რუსული ჯარები არ წყვეტენ მცდელობას დაამყარონ სრული კონტროლი ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე. ატარებენ წარუმატებელ სამხედრო ოპერაციებს დასახლებულ პუნქტ ალექსანდროვკას მიდამოებში. შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებში ოკუპანტების გემების ჯგუფები აგრძელებენ უკრაინის ზღვის სანაპიროების იზოლირებას და აწარმოებენ დაზვერვას“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.