უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 21 სექტემბრის ღამეს მათი სამიზნე რუსეთში მდებარე საბრძოლო მასალის ორი საწყობი გახდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში მდებარე „ტიხორეცკის“ არსენალი, რუსეთის ჯარის ლოგისტიკური სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საწყობია.
„არსებული ინფორმაციით, დარტყმის მომენტში არსენალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მორიგი ეშელონი, რომელმაც მოიტანა არანაკლებ 2 000 ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან“, – განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.
მათივე თქმით, ასევე დაზიანებულია რადიოლოკაციური სადგური „პოდლეტიც“. უკრაინელი სამხედროების ცნობით, იმავე ღამეს იერიში განხორციელდა ტვერის ოლქის დასახლება ოქტომბრისკოეს მახლობლად მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალზეც. ორივე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ხანძარი და აფეთქებები.
„უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დარტყმა მიიტანეს ასევე კალუგის ოლქში მდებარე „შაიკოვკას“ სამხედრო აეროდრომზე.
„დრონებმა დააზიანეს სამხედრო აეროდრომის ინფრასტრუქტურა, სადაც დისლოცირებულია სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები ТУ-22М, რომლებითაც რეგულარულად ბომბავენ უკრაინას“, – წერს უკრაინული გამოცემა.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკისა და ტვერის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში ჩამოგდეს 101 უპილოტო საფრენი აპარატი. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ ტიხორეცკის რაიონში ჩამოგდებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი და ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ 1 200 მოქალაქის დროებითი ევაკუაცია განხორციელდა.
ტვერის ოლქში დრონების თავდასხმის შემდეგ ევაკუირებული იყო სარკინიგზო სადგური „სტარაია ტოროპა“, რომელიც დაბა ოქტომბრისკოეს მახლობლად მდებარეობს, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალია განლაგებული.