უკრაინის გენშტაბი - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით რუსეთის 42 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით რუსეთის 42 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის დილის ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, „ღამით რუსმა ტერორისტებმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე“. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის ძალების პოზიციებსა და დასახლებებზე 30 სარაკეტო და 61 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ალბათობა მაღალი რჩება, ამიტომ მოსახლეობას ურჩევენ, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები.

ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის. გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის ძალებმა რუსეთის 42 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მტრის ძალის კონცენტრაციის 19 რაიონზე, საბრძოლო მასალების ორ საწყობსა და მოწინააღმდეგის სამ მნიშვნელოვან სამიზნეზე.