უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე 10 სარაკეტო და 58 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ასევე რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 38 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

მტრის სამიზნე გახდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, კერძოდ, კიევის, ოდესის, მიკოლაევის, დონეცკის და ხერსონის ოლქები.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების კონცენტრაციის 18 რაიონზე, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სამ პოზიციაზე განახორციელეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობი.