უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით მოქმედებებს ქვეყნის აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო ავიადარტყმები კვლავ მიმდინარეობს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის 88-ე დღეს ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით მოქმედებებს ქვეყნის აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო ავიადარტყმები კვლავ მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა გაზარდეს ავიაციის გამოყენების ინტენსივობა აქტიური საბრძოლო ზონების დასახლებების კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.
გარდა ამისა, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა უკრაინასთან არსებულ სასაზღვრო რაიონებში გააძლიერეს დაზვერვა.
გენშტაბის ცნობით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.
„სივერსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს დასახლებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვას სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში. სლობოჟანსკის მიმართულებით, ოკუპანტები, დასავლეთ სამხედრო ოლქისა და ბალტიის ფლოტი ცალკეული შენაერთების ძალებით ატარებენ საბრძოლო მოქმედებებს ხარკოვში ოკუპირებული საზღვრების შესანარჩუნებლად. დონეცკის მიმართულებით რუსული ძალები ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და მიაღწიონ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. სევეროდონეცკის მიმართულებით, ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინულ პოზიციებს ფრონტის მთელ ხაზზე. ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტები ცდილობდნენ თავის დაცვას ოკუპირებულ საზღვრებში, ცეცხლს უხსნიდნენ უკრაინულ ძალებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.