უკრაინის გენშტაბი - არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მედიის ცნობით, უკრაინის გენერალური შტაბი 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დღეს განაცხადეს, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს.
მოლდოვის პრეზიდენტის ბრძანებით კი, დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო, ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.