უკრაინის გენპროკურორი - კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა, პასუხისგებაში მისცენ
კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა, პასუხისგებაში მისცენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
ვენედიქტოვას თქმით, თუ გამოძიება დაადგენს, რომ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა საჰაერო თავდასხმის დროს უგულებელყვეს უსაფრთხოების ზომები, მათ პასუხისგებაში მისცემენ.
კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ, სარაკეტო დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, რომ 23 ივნისიდან ცენტრი არ დაიხურება საჰაერო თავდასხმის დროსაც.
ქალაქ კრემენჩუკში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა გასულ დღეს განახორციელა. სარაკეტო დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. ასევე დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.