უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე 5 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე 5 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი

ბოლო მონაცემებით, კიევის ოლქში რუსეთის აგრესიას სულ მცირე 1 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ „სქაინიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს დილის მონაცემებით, 1 222 დაღუპული დავთვალეთ მხოლოდ კიევის ოლქში“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

ამასთან, მისი თქმით, სამართალდამცველებმა 5 600 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც ეხება რუსეთის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში და უკვე 500 ეჭვმიტანილია იდენტიფიცირებული.

ვენედიქტოვას განცხადებით, საქმეების წარმოება განსხვავებული იქნება, მათი მოცულობის მიხედვით.

„ერთ შემთხვევაში შეიძლება, საქმე ეხებოდეს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ერთ ფაქტს ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, საუბარი იყოს ათობით ან ასობით ეპიზოდზე“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

მისივე თქმით, უკრაინელ სამართალდამცველებს ყველა რეგიონსა და ყველა ქალაქში სამხედრო დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ბევრი კონკრეტული ფაქტი აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლში საუბარია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც.