უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება
უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აცხადებს, რომ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება.
კოსტინის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
ანდრეი კოსტინის თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ.
„ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება დაევალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს. საქმე ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ არის“, – აღნიშნა კოსტინმა.
შეგახსენებთ, ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.