უკრაინის გენერალური პროკურატურა - სააკაშვილის უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა ყალბია
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წერილი, უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს, ყალბია, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდინვანმა ლარისა სარგანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ინფორმაციას უკრაინული მედია (newsone.ua) ავრცელებს.
მედიის ცნობით, სარგანმა სოციალურ ქსელში ორი წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ერთ-ერთი ის წერილია, რომელიც ადვოკატმა ჩორნოლუცკიმ მედიას სააკაშვილის სახელით მისი დაკავების ღამეს გადასცა, ხოლო მეორე – სარგანის მტკიცებით, ის წერილია, რომელიც სააკაშვილმა თავისი ხელით დაწერა.
„პირველი წერილი, სადაც უკრაინელი ხალხისადმი მოწოდებები იყო, ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ პრესას ღამით გადასცეს.
მეორე განცხადება თავად მიხეილ სააკაშვილმა დაწერა წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიდეოფიქსაციის ქვეშ, როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს. ეს ორი ნაწერი სრულიად განსხვავებული ხელწერითაა შესრულებული“, – წერს ლარისა სარგანი და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ორივე წერილის ფოტოს აქვეყნებს.
უკრაინულ მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია მეორე წერილის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის თქმით, სააკაშვილმა თავისი ხელით დაწერა.
გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მისმა ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ მხარდამჭერებს წაუკითხა წერილი, რომელიც მისი თქმით სააკაშვილმა დაწერა. წერილის მიხედვით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელებს მოუწოდებს, 10 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.