უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი ლარისა საგრანი აცხადებს, რომ სააკშვილის ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს და ახლა მიხეილ სააკაშვილი ისვენებს.
„ოთხმა ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ”, – წერს ლარისა სარგანი facebook-ის პირად გვერდზე.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.