უკრაინის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანილიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დანიულიუკის გადაყენებას რადას 450 დეპუტატიდან 254-მა დაუჭირა მხარი. შესაბამის განაცხადს პრემიერმა უკვე მოაწერა ხელი.
რადაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრის ორმა მოადგილემ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა ალექსანდრ დანილიუკი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა. როგორც გროისმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, დანილიუკმა საკუთარ თავს უფლება მისცა, განეხორციელებინა ქმედებები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობისთვის შეუთავსებელია.
შეგახსენებთ, დანილიუკსა და გროისმანს შორის უთანხმოება ფინანსთა მინისტრის მოადგილის კანდიდატურამ გამოიწვია. ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ პოსტზე თავისი მრჩევლის, იანა ბუგრიმოვას დანიშვნა სურდა და პეტრო პოროშენკოს გარემოცვიდან კანდიდატურის წარდგენას ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნული უთანხმოების შესახებ დანილიუკმა კიევში დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩებს აცნობა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ეს ქმედება სუბორდინაციის დარღვევად შეაფასა და დანილიუკის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი დაიწყო.
42 წლის ფინანსისტი ალექსანდრ დანილიუკი უკრიანის ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. გადაყენებამდე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მასზე ხორციელდება კოლოსალური ზეწოლა „რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ სუბვენციის პროგრამის მხარდასაჭერად.
„ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატების პროექტებისთვის ფულის დარიგებას. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. მე არჩევანის წინაშე დამაყენეს – წავიდე ან გავხდე თანამონაწილე“, – დაწერა დანილიუკმა.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოვალეობებს დროებით მისი პირველი მოადგილე ოქსანა მარკაროვა შეასრულებს.