უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი - დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა
დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„თუ დნესტრისპირეთი და საქართველო და ყველა, დღეს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებოდნენ, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურ დონეზე არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა, რადგან მათ საქმე გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ ჩვენი ქალაქები და სოფლები გაენადგურებინათ, დაეხოცათ ჩვენი ბავშვები და ქალები“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, „საქართველო ძალიან არაკორექტულად იქცევა, მსუბუქად რომ ვთქვა“ .
დანილოვმა განცხადება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა დღეს მის ტერიტორიაზე, შემიძლია ვთქვა, რომ იქ ნამდვილად ვითარდება მოვლენები. ბაირაქთარები ჩვენს ტერიტორიაზე არა მხოლოდ ორკებს აუთოვებენ, არამედ მათ იმუშავეს მთიან ყარაბაღშიც. და იქ სომხეთი დღეს რუსეთის ფედერაციას მიმართავს, რომ დაეხმარონ შეიარაღებული ძალებით. თუმცა, მათ იქიდან გასულ კვირას ჯარები გაიყვანეს და ჩვენ ქვეყანაში გამოგზავნეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ამ კოლონებს, რომლებიც მოდიოდნენ. გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ, რაც იაპონიამ განაცხადა, რომ კურილიის ოთხი კუნძულის მას ეკუთვნის, რუსეთმა იქ სამხედრო სწავლება დაიწყო. თუმცა, როგორც დანილოვი აღნიშნავს, სამხედროების რიცხვი იმ სექტორში მცირეა, რადგან რუსეთმა დიდი ნაწილი უკრაინისკენ მიმართა.
„რით დასრულდება ეს ვითარება, ჯერ უცნობია. თუმცა, თუ რუსეთის ფედერაციისთვის სხვა ფრონტები გაიხსნება, რომლებიც მან ხელოვნურად შექმნა საკუთარი ქმედებებით მისი მოკლე ისტორიის განმავლობაში, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნავს დანილოვი.