უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ უკრაინის უზენაეს სასამართლოში ქრთამის აღების საქმე ერთ-ერთი მეწარმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება
უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ უკრაინის უზენაეს სასამართლოში ქრთამის აღების საქმე ერთ-ერთი მეწარმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება

უკრაინის უზენაეს სასამართლოში ქრთამის აღების საქმე ერთ-ერთი მეწარმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, სემიონ კრივონოსმა განაცხადა.

ბრიფინგზე გამოქვეყნდა მოლაპარაკებების ჩანაწერები, რომლებიც, სამართალდამცავების თქმით, უზენაეს სასამართლოში კორუფციას ამხელს. ერთ-ერთ ჩანაწერში იყო კნიაზევი. ბრიფინგის მონაწილეებმა გვარის გარეშე სასამართლოს თავმჯდომარეც ახსენეს.

სემიონ კრივონოსის განცხადებით, უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის კორუფციაში გამოვლენა ყველაზე გახმაურებული საქმეა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის განმავლობაში.

„ისინი შეთანხმდნენ, რომ უკანონო სარგებელი გადაეცათ სასამართლოს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, რათა მიეღოთ ერთ-ერთი მეწარმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. კრიმინალური ჯგუფის წევრები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე, მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის წევრების არჩევის ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის წევრების არჩევა გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა სემიონ კრივონოსმა.

კორუფციული საქმის ძიებაში უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურაც არის ჩართული. უზენაეს სასამართლოში ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულია სასამართლოს ხელმძღვანელი, ვსევოლოდ კნიაზევი და კიდევ ერთი მონაწილე, რომლის ვინაობა არ სახელდება.