უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღსადგენად აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება
აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებულმა იერიშებმა გამოიწვია.
„მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად, კერძოდ, ელექტროტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებაზე“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.