უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამპყრობლების ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება, გადაიზარდოს მორიგ პლანეტარულ ეკოლოგიურ კატასტროფაში
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და როტაციის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება.
„ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული როტაციის საშუალებას არ აძლევენ. სადგურის აღება და იქ ნებისმიერი ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩატარება მეორე ჩერნობილის გამეორების საფრტხითაა სავსე, რომლისგანაც ევროპა ჯერ კიდევ იკურნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეული ნიადაგის ზედა ფენის დარღვევის გამო, უკვე დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება გამორიცხვის ზონაში.
„ამჟამად, მთელი პასუხისმგებლობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ობიექტის მდგომარეობასა და გამორიცხვის ზონაში სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე ეკისრება დამპყრობლებს“, – განაცხადეს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.
მათივე თქმით: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე დღეს ევროპისთვის, რადგან ჰიბრიდული ომის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამპყრობლების ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება, გადაიზარდოს მორიგ პლანეტარულ ეკოლოგიურ კატასტროფაში“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.