უკრაინის ელჩი - ვიმედოვნებთ, საერთაშორისო თანამეგობრობა მოიკრებს ყველა ძალისხმევას და დაგვეხმარება აგრესორის შეჩერებაში, ომი არის ადამიანური მსხვერპლი, დიდება გმირებს
ჩვენ არავის ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვს.
„დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინის შეარაღებული ძალები ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვას. ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ბრძოლებში გამოიყენება ავიაციაც, არტილერიაც და სარაკეტო სროლებიც. ჩვენ უკრაინაში, ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ასევე ჩვენ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია.
მესამე, ჩვენ რაც დაგვჭირდება, ეს არის შეიარაღება და იარაღი. უკრაინული ჯარი უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს რეზერვი და ამ რეზერვისთვის ჩვენ გვჭირდება შეიარაღება. ძალიან აქტიურია სამხედრო მოქმედებები, ამიტომ საჭიროა მუდმივად საბრძოლო მასალის მიწოდება. მეოთხე, რასაც საჭიროებს უკრაინა, არის ფინანსური დახმარება.
მეხუთე, უკრაინას სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა დღეებშიც, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს უკვე ეს არ არის საკმარისი. საფრთხის ქვეშ არის 40 მილიონი უკრაინელის, ჩემი თანამემამულის სიცოცხლე. ჩვენ არავის ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს, ისევე როგორც ნატო არავის არ ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა მოიკრებს ყველა ძალისხმევას და დაეხმარება უკრაინას აგრესორის შეჩერებაში“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა და აღნიშნა, რომ „თავისუფლება, დემოკრატია აღმოჩნდა რუსული შეიარაღებული ძალების მიზანში“.
ამასთან, იგორ დოლგოვმა ისაუბრა უკვე გამართულ და დაგეგმილ სხდომებზე, რომლებზეც უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავენ.
„დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. ბრუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც მკაფიო შეფასება გაკეთდა აგრესორის ქმედებაზე. ბორის ჯონსონის ინიციატივთ ასევე გაიმართება ნატო-ს სამიტი. ამავე დროს, დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს სხდომა. უკე გამოცხადებულია, რომ ამ სხდომის შედეგი იქნება მკაცრი სანქციების შემოღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ნიუ იორკში გაიმართება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში წუხანდელი ღამე იყო უძილო და იმის ფიქრებში, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა აგრესორს. ომი არის ადამიანური მსხვერპლი. ჩვენ უკვე ვკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და დამცველებს. ისინი გმირები არიან. ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.
იგორ დოლგოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.
„საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. დილიდან მქონდა კონტაქტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე პრეზიდენტთან. დღეს გავმართე შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდები ბატონ ზალკალიანს. ჩვენ თქვენს მხარდაჭერას ვხედავთ არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ დღეს დილიდან საელჩოსთან ვხედავთ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, უკრაინის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რათა სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ “, – განაცხადა დოლგოვმა.