უკრაინის ელჩი - საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან, ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა
საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან, ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
აღნიშნული კომენტარი დოლგოვმა „ლელოს“ ორგანიზებით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიული გეგმების შესაკავებლად, მთავარია ერთიანობა და სოლიდარობა. ამასთან, ელჩმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით თქვენი და უკრაინის ისტორია. მრავალი წლის წინ, როდესაც აფხაზეთში მოვლენები ვითარდებოდა, უკრაინელები აქ იყვნენ. 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხა რუსეთის ფედერაცია, უკრაინა იყო აქ. 2014 წელს, როდესაც უკრაინელებს თავს დაესხა რუსეთი, თქვენ იყავით ჩვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თქვენი აქ ყოფნა არის თქვენი მხარდაჭერის ნათელი გამოხატვა. მადლობა ამისთვის. ჩვენ ვგრძნობთ და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მთავარი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, რათა რუსეთს ვაჩვენოთ, რომ აგრესიული გეგმები აღარ გაუვა, არის ერთიანობა და სოლიდარობა. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ნატო-ს შტაბ-ბინაში იქნება და ერთად გავაგრძელებთ აგრესიის შეჩერების აუცილებლობაზე კონსენსუსის მიღწევას“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.