უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 44 საჰაერო სამიზნიდან 43 გაანადგურეს
უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 44 საჰაერო სამიზნიდან 43 გაანადგურეს

უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 44 საჰაერო სამიზნიდან 43 გაანადგურეს. კერძოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 28 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი მძლავრი თავდასხმა კიევს გაზაფხულის შემდეგ არ განუცდია, განადგურებულია 20-ზე მეტი დრონი და რაკეტა.

„ამაღამ მტრის თითქმის ყველა საჰაერო სამიზნე განადგურებულია. მადლობა ყველა დამცველს, ვინც მონაწილეობდა საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში“, – წერს ტელეგრამარხში უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშუკი.

რვა ფრთოსანი რაკეტა განადგურებულია ოდესის ოლქში, ზღვის თავზე.

კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 20-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.

„ღამის საჰაერო თავდასხმა. ასეთი მძლავრი თავდასხმა კიევს გაზაფხულის შემდეგ არ განუცდია. მტერმა განახორციელა მასირებული, კომბინირებული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით”, – აღნიშნა კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

რუსეთის მიერ ღამით კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის მთავრობის ცნობით, კიევის შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს დაეცა, რის შედეგადაც საწარმოს ორი თანამშრომელი დაიღუპა. რაკეტის ნამსხვრევები ასევე მაღაზიის სახურავს დაეცა დარნიცის რაიონში.