უკრაინის დელეგაციის წევრი - ჩვენი მოთხოვნა არის მკაფიო, იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც თავისი ფორმით იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგიური
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გაფორმებაა, – ამის შესახებ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, ალექსანდრ ჩალიმ განაცხადა.
ალექსანდრ ჩალი იურიდიულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
„ჩვენი მოთხოვნა არის მკაფიო, იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც თავისი ფორმით იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგიური. ანუ თუ უკრაინა მომავლში გახდება აგრესიის სამიზნე, ან სამხედრო თავდასხმის, ან ოპერაციის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება, სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაციები და თუ ეს კონსულტაციები არ მიგვიყვანს დიპლომატიური გზით საკითხის გადაჭრამდე, მაშინ გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან, გადასცენ უკრაინას სამხედრო დახმარება, ასევე დახურონ უკრაინის საჰაერო სივრცე. ეს არის ჩვენი მთავრი მოთხოვნა. თუ ამ საკითხების იურიდიულად გაფორმება მოვახერხეთ და ეს ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხია, მაშინ უკრაინა იქნება ისეთ პოზიციაში, რომ ფაქტობრივად დააფიქსიროს ბლოკგარეშე და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, მუდმივი ნეიტრალიტეტის ფორმით, რაც ისტორიულად უკვე დაფიქსირებულია ჩვენს დეკლარაციაში სუვერენიტეტის შესახებ, რომელიც მიღებულია 1990 წელს.
ისეთი გარანტიების მიღების შემდეგ, რომლებიც ფაქტობრივად უთანაბრდება ნატო-ს მეხუთე მუხლით განსაზღვრულ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას, მაშინ ჩვენ არ განვათავსებთ უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებს და კონტიგენტს, ჩვენ არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში. სამხედრო წვრთნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ გარანტორი სახელმწიფოების ნებართვით. ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება არ უნდა კრძალავდეს უკრაინის უფლებას, შევიდეს ევროკავშირში და უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები აიღებენ ვალდებულებას, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაეხმარებიან“, – განაცხადა ალექსანდრ ჩალიმ.