უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გასული 24 საათის განმავლობაში 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ინფორმაციას ანტიტერორისტულ შტაბში ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 5 სამხედრო მოსამსახურე.
სააგენტო „როიტერსის“ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაზიანებულია ათობით სახლი.
ეუთო-ში აცხადებენ, რომ 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 16 000-ჯერ დაარღვიეს, რაც 35%-ით მეტია გასული კვირის მაჩვენებელთან.
„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ დონბასში ე.წ. გამყოფ ხაზთან ვითარება ასეთი დაძაბული შარშანდელი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა ერთუგრულ აპაკანმა.
როგორც ეუთო-ს მეთვალყურეები ამბობენ, ვითარების ესკალაცია ორშაბათიდან დაიწყო, როდესაც სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლირებად ნოვოლუგანსკის დასახელებას ცეცხლი საზენიტო დანადგარებიდან გაუხსნეს. როგორც გაერო-ში განაცხადეს, ამ ინციდენტის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მოქალაქეთა ნაწილმა სახლი დატოვა. მომხდარი გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა რამდენიმე დასახლებას „გრადის“ სისტემებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის გამოც რეგიონში ჰუმანიტარული მდგომაროება დამძიმდა.
აშშ-ის საგარეო უწყებაში ასევე გამოთქვეს შეშფოთება დონეცკის სიახლოვეს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეტაკებები წყლის გამწმენდ სადგურთან ახლოს მიმდინარეობს, სადაც საშიშ ქიმიურ ნივთიერებას – ქლორინის აირს იყენებენ.
„თუ ქოლირინის აირი გაჟონავს და მიაღწევს იმ რაიონებს, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ, ეს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერი ნაუერტიმ. მისივე თქმით, სადგურის თანამშომლები შენობის ბუნკერში იმყოფებოდნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.