უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, პოლონეთში ფერმერების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო
პოლონეთში ფერმერების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულები უკრაინული პროდუქციის იმპორტისგან საკუთარი ბიზნესის დაცვას მოითხოვენ. ფერმერები ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ სხვადასხვა დასახლებაში ტრაქტორებით მსვლელობის მოწყობას აპირებენ, რაც ავტომაგისტრალებზე მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, შეჩერდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო იმპორტი უკრაინიდან და ევროკავშირის არაწევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს.
პოლონელი ფერმერების თქმით, ისინი კონკურენციას ვერ უწევენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას, რადგანაც პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გარემოს დაცვის მიზნით მეტი რეგულაციაა დაწესებული, ხოლო უკრაინასა და სხვა ქვეყნებს ამ წესების შესრულება არ უწევთ.
ამას გარდა, აქციების მონაწილეები ითხოვენ ხელისუფლებისგან, მოამზადოს „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგია, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის გაყოფას გაითვალისწინებს“.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინაში ვიზიტისას თქვა, რომ ვარშავა და კიევი იპოვიან ორივე ქვეყნის ფერმერებისთვის მისაღებ და სარგებლის მომტან გამოსავალს.