უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი საქართველოში ჩამოვიდა.
დეპორტირებულებმა ფოთის პორტის ტერიტორია უკვე დატოვეს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა.
მისი თქმით, უცნობმა პირებმა ის სახლიდან გაიტაცეს და თვალებახვეული მიიყვანეს გემზე. მისივე თქმით, მას საქართველოში უკრაინის ბადრაგი ჩამოჰყვა, რომლებმაც განუმარტეს, რომ სამი წლის განმავლობაშ უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევა.
შავშიშვილი ვერ აკონკრეტებს რაოდენობას, რამდენი დეპორტირებული ადამიანი ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში.
„სახლიდან მომიპარეს. ჩემზე უცხო პირებმა განახორციელეს ფიზიკური ზეწოლა, თვალებზე მქონდა აფარებული, ისე მატარებდნენ. ვერტმფრენით გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს, ორი საათი ვიფრინეთ. აღმოვჩნდი გემზე, თვალებახვეული, ვერ ვგრძნობდი სად ვიყავი.
24 ნოემბრის ჩათვლით მქონდა უკრაინაში ცხოვრების უფლება. მე ვარ უკრაინაში აკრედიტებული ჟურნალისტი.
ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს პასუხები თუ რა მოხდა, რატომ მოხდა“,- განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.