უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ანდრეევკის სამხრეთით პოზიციებიდან მტერი განდევნეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ანდრეევკის სამხრეთით პოზიციებიდან მტერი განდევნეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
„ბახმუტის მიმართულებაზე ჩვენი ჯარები განაგრძობენ ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთით შეტევით მოქმედებებს. თავდაცვის ძალების შეტევითი მოქმედებების მიმდინარეობისას მოწინააღმდეგე იძულებული გახდა, ანდრეევკიდან სამხრეთ რაიონში პოზიციებიდან უკან დაეხია, უშედეგოდ ცდილობდა, აღედგინა დაკარგული პოზიციები კლეშეევკის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე კურდიუმოვკის ჩრდილო-დასავლეთით. მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.