საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, რომელშიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრადღიანი ინფოტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე, წყალტუბო, ქუთაისი და ბათუმი დაათვალიერეს.
თბილისსა და ქუთაისში უკრაინელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.
„უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს. კომპანიების წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები. ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და უკრაინელ ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნესურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33 645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9 პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.