უკრაინელი სამხედროების ოჯახის წევრებმა კიევში დემობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის ვადების დადგენის მოთხოვნით აქცია გამართეს
კიევის ცენტრში უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა დემობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის ვადების დადგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დამოუკიდებლობის მაიდანზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად, უკრაინელი სამხედროების ცოლები, რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო სამსახურის ვადების არარსებობა ნეგატიურად აისახება მობილიზაციაზე და სამხედროების მორალურ მდგომარეობაზე.
„ვითხოვთ კანონს დემობილიზაციის გონივრული ვადების დადგენის შესახებ“, „ჩემი ქმარი თქვენი მონა არ არის“, „წავიდა ნებაყოფლობით – მიიღო სამუდამო“ – ასეთი იყო წარწერები დემონსტრანტების პლაკატებზე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს უმაღლესი რადას დეპუტატი ინა სოვსუნიც შეუერთდა.