უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა
უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა. ასევე, უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
„დღეს არ შეგვიძლია, არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. კიეველი ღირსი მამები არიან მთავარი მფარველები უკრაინის და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსული, აწმყო და მომავალი, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის. მისმა უწმინდესობამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება, ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, არიან ქართველებიც მათ შორის. მისმა უწმინდესობამ მოგვიწოდა ყველას, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. ასევე, პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები. ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა, რათა მშვიდობა დამყარდეს, გადარჩეს და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც ამ დიდ მამებს სურთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ ომში დაღუპულთა ოჯახებს და შევავედროთ კიევის ღირს მამებს, რომ დაამშვიდონ უკრაინა, დაამშვიდონ საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა მეუფე შიომ.
პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები. მათ შორის იყო იგორ დოლგოვოც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარალელურად, საპატრიარქო აგრძელებს უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოხერხდა 30 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, ნაწილი უკვე გადაიგზავნა უკრაინაში და ნაწილის გადაგზავნა მომდევნო დღეების განმავლობაში იგეგმება.