უკრაინელი ექსპერტები თეირანში გაემგზავრნენ, რათა ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში ჩაერთონ
უკრაინელი ექსპერტები ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩასართავად თეირანში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი იულია მენდელი ავრცელებს.
მისი ცნობით, უკრაინელი სპეციალისტები ჩაერთვებიან ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში, ასევე უკრაინელთა ცხედრების იდენტიფიცირებასა და რეპატრიაციაში.
ირანში გამგზავრებულ ჯგუფს შორის არიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის, სახელმწიფო საავიაციო სამსახურის, ასევე უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლები.
გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, ასევე სპეციალისტები მუშაობენ გარდაცვლილთა ოჯახებთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოებას მოუწოდებენ, ვიდრე სპეციალისტები ტრაგედიის გარემოებებს არ შეისწავლიან ინფორმაციით მანიპულაციისგან თავი შეიკავონ.
თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგმა კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. გარდაცვლილია 176 ადამიანი.