უკრაინელი ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ
უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან თანამშრომლობასა და დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებენ ბრალს. შესაბამისი განცხადება დღეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინის“ დირექტორმა, ოლეგ დაინეკამ და პროდიუსერმა ვალერი ტოვმაჩმა გააკეთეს.
მათი მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობას, რომელიც ჟურნალისტების განცხადებით, „იყო პოლიტიკური აქცია და საქართველოში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად“.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ მომზადებული აქვთ მტკიცებულებები და განცხადება, რომლის ადრესატები უკრაინის გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არიან.
ჟურნალისტები ყვებიან, რომ მათ თებერვალში შესთავაზეს კიევი-თბილისის ტელეხიდის ორგანიზება, ხოლო თანაწამყვანი გიორგი გაბუნია უნდა ყოფილიყო. შემდეგ კი, როგორც დაინეკო და ტოვმაჩი ამტკიცებენ, მათ შესთავაზეს გაბუნიას პოლიტიკურ ფიგურად წარდგენა უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, რის გამოც მათ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
პრესკონფერენციაზე „ნოვოსტი უკრაინას“ ჟურნალისტებმა ახსენეს ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე. როგორც დაინეკო და ტოვმაჩი ამტკიცებენ, კილაძესთან დაკავშირება მათ მარტში „საკონტაქტო პირმა“ სთხოვა. უკრაინელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ გაბუნიას პიარკამპანიისთვის „მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ჟურნალისტსა, ელისო კილაძე უნდა ეხელმძღვანელა“.
„გამოდის, რომ სააკაშვილთან დაახლოებული დიპლომატები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები გიორგი გაბუნიას საერთაშორისო პიარ და მედია კამპანიას ჩაატარებდნენ. ამავდროულად კი გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა“, – განაცხადა ვალერი ტოვმაჩმა.
მათივე მტკიცებით, „გაბუნიას მკვლელობას პროტესტები და პოლიტიკური დესტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა“.
ჟურნალისტები მოუწოდებენ უკრაინის მთავრობას, ობიექტურად გამოიძიონ მათ განცხადებაში დასახლებული ფაქტები.