უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილს ევროკავშირში ყოფნის პრობლემა არ აქვს, მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა 
უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილს ევროკავშირში ყოფნის პრობლემა არ აქვს, მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა 

საქარველოს გავლენა უკრაინაზე ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდია და ეს პირველ რიგში არ უკავშირდება თქვენი ყოფილი პრეზიდენტის სახელს, ეს უკავშირდება ქართველების მოქმედებას უკრაინის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, უკრაინის მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დმიტრო ლუბინეცმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა ჩატარდა.

„შემიძლია, მთელი უკრაინის პარლამენტის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მთელი ამ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქართველებისგან. უკრაინა-რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ჩამოვიდნენ ქართველი ბიჭები ჩვენს დასახმარებლად. რაც შეეხება სააკაშვილს, გუშინ ჩატარდა აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა. სააკაშვილი მოხვდა უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთის გავლით სრულიად უკანონოდ. მას მისცეს საშუალება აბსოლუტურად ყველა სასამართლო ინსტანციაში დაეცვა თავის უფლებები, მან გაიარა ყველა პროცედურა, ყველა ინსტანცია, მაგრამ სასამართლომ ვერ ნახა კანონიერი საფუძველი, რათა ის დარჩენილიყო უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი პოლონეთის ტერიტორიდან, ამიტომ სრულიად ლოგიკური იყო, რომ უკრაინამ სასაზღვრო სამსახურების ძალებით გადაიყვანა ის პოლონეთის ტერიტორიაზე. მე როგორც ვიცი, სააკაშვილს არანაირი პრობლემა ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის არ აქვს, მისი მეუღლე არის ჰოლანდიის მოქალაქე, ამიტომ ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მას აქვს უფლება იმყოფებოდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, თუ მოუნდება წავა მეუღლესთან ნიდერლანდების სამეფოში”, – განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.