უკრაინელი დეპუტატი - რუსეთი, რომელიც არღვევს საკუთარი ხალხის უფლებებს, უდაოდ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალსაც და იქნება აგრესიული  მეზობლების მიმართ
უკრაინელი დეპუტატი - რუსეთი, რომელიც არღვევს საკუთარი ხალხის უფლებებს, უდაოდ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალსაც და იქნება აგრესიული  მეზობლების მიმართ

რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე ადასტურებს იდეას, რომ ქვეყანა, რომელიც არღვევს საკუთარი ხალხის უფლებებს, უდაოდ უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალსაც და იქნება აგრესიული თავისი მეზობლების მიმართ. პრობლემა მდგომარეობს უზარმაზარ მოთმინებაში, რომლის შედეგადაც რუსეთის მხრიდან სერიოზული დარღვევების შემწყნარებლობა გრძელდება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრ მერეჟკომ განაცხადა.

მისი თქმით, „ამ ჩიხიდან გამოსასვლელად უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულზე თვალის დახუჭვა“

„ჩვენ შეგვიძლია, ყველა ქვეყანა დავყოთ ორ კატეგორიად ადამიანის უფლებებს მიმართ მათი დამოკიდებულების მიხედვით. პირველი კატეგორიაში შედიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, ადამიანის უფლებების დაცვას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას იმ სირთულეებისა და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, რომლებიც შესაძლოა, მათ წინაშე არსებობდეს. ასევე, არსებობს ქვეყნების მეორე კატეგორია, რომლებიც აღვივებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ უნდობლობას, გამუდმებით ცდილობენ, მოძებნონ საბაბი, რომ თავი აარიდონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ასეთი ქვეყნების უკანასკნელი კატეგორიის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, რომელმაც შექმნა შიდა სამართლებრივი მექანიზმი თავისი კონსტიტუციის შეცვლით. ეს ცვლილება მიმართულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების უგულებელყოფისკენ, რომლებიც რუსეთის ავტორიტეტულ რეჟიმს არ მოსწონს. რუსეთის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, უკიდურესად გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებებს. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე ადასტურებს იდეას, რომ ქვეყანა, რომელიც არღვევს საკუთარი ხალხის უფლებებს, უდაოდ უგულვებელჰყოფს საერთაშორისო სამართალსაც და იქნება აგრესიული თავისი მეზობლების მიმართ. პრობლემა მდგომარეობს უზარმაზარ მოთმინებაში, რომლის შედეგადაც რუსეთის მხრიდან სერიოზული დარღვევების შემწყნარებლობა გრძელდება. ამ ჩიხიდან გასასვლელად უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა“, – განაცხადა მერეჟკომ.

უკრაინელი დეპუტატის საპასუხოდ, რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ბაშკინმა განაცხადა, რომ „ბოლო ათი წლის განმავლობაში სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა“.

„მინდა, ჩემი გამოსვლა არა ემოციებს, არამედ აშკარა ფაქტებს დაეყრდნოს, მაგალითად, სტატისტიკას. ბოლო ათი წლის განმავლობაში სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის მე-13 ანგარიშმა აჩვენა, რომ კონტროლიდან მოიხსნა რუსეთის 162 საქმე, სასამართლოს დადგენილებების აღსრულების მხრივ რუსეთის ხელისუფლების მუშაობის დადებითი შეფასების გამო. რუსეთი გახდა ლიდერი სამართლიანი კომპენსაციების გადახდის მიხედვით. ამ თანხამ შეადგინა 28 მილიონ 547 ათასი ევრო. რომელ თქვენგანს წაუკითხავს რუსეთის კონსტიტუცია პირადად? ვინც მას ცხარედ აკრიტიკებს, ვაცნობებ, რომ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები რუსეთის კონსტიტუციის მე-15 მუხლშია განსაზღვრული“, – განაცხადა ბაშკინმა.